1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები
საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების 365 (ლეგენდის თანახმად) გამოქვაბული ოთახი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სამრეკლო, კლდის სოფელი ანანაური.
2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის უნიკალურ ფრესკებზე გამოსახულნი არიან გიორგი III და თამარ მეფე. აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის პორტრეტი საქართველოში ვარძიის გარდა მხოლოდ სამგან გვხვდება (ყინწვისი, ბეთანია, ბერთუბანი).
3. გეოგრაფიული მდებარეობა
მდებარეობს თბილისიდან სამას კილომეტრში, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, თანამედროვე ასპინძის რაიონში, ნახევარ კილომეტრზე გადაჭიმული ცამეტსართულიანი ანსამბლი, განლაგებულია 1300 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
4. რუკა
აქ დაიდება რუკა
5. ისტორიუილი მიმოხილვა
ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების ‘ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე.
დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები.
“ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს გასრულდა.
თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. ამ უდიდესი სამეფო მონასტრის შექმნას უკავშირებს იგი თამარ მეფის მოღვაწეობის დახასიათებას საეკლესიო-სამონასტრო მსენებლობის დარგში – ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.
მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156 – 1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად.
მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184 – 1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი Eღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ეს გამოირკვა ქტიტორთა პორტრეტულ გამოსახულებებთან არსებული წარწერების წაკითხვის შედეგად. ვარძია, როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება.
მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186 – 1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის – გამოკვეთა.
1203 წ. მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში.
მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები, რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია.
1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).
ამ წლებში, მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა, ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე.
XV – XVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფისათვის ქვეყნის გაერთიენებისათვის წარმოებულ ბრძოლაში.
1551 წელს მონასტერში გამაგრებული ქართლის მეფის ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში, ამაზე წერს XVII ს. ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანისძე.
მესხეთი 1578 წელს თურქეთის ბატონობაში მოექცა. თურქეთის წყობილების შემოღების შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება იდევნება, მონასტრები ცარიელდება, მონაზვნები თავშესაფარს იმერეთსა და ქართლში ეძებენ.
ვარძიის გაუკაცრიელებული გამოქვაბულები ინგრევა.
დიდებულმა სავანემ არსებობა შეწყვიტა.
6. არქიტექტურული აღწერა
მთლიანად ანსამბლი ისტორიულად ჩამოყალიბებული ორი ნაწილისაგან შედგება: ვარძია და უფრო ადრეული ხანის X-XII საუკუნეების კლდის სოფელი - ანანაური. ვარძიის თანამედროვე დასახელებაში იგულისხმება ორივე ეს ნაწილი.
ვარძიის გამოქვაბული კომპლქსი - მონასტერი გამოკვეთილია სამფენოვანი კლდის შუა მოყვითალო-მოვარდისფრო ტუფ-ბრექჩიის ფენაში. ქვედა მონაცისფრო-მოყავისფრო ფენა ამ რთული არქიტექტურული ნაგებობის ფუძეს შეადგენს, ზედა მუქი-რუხი ფენა კი, ლავგარდანივით გასდევს მთელ კომპლექსს.
გამოქვაბულთა ცამეტსართულიანი ანსამბლი გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, სახლები კი გამოკვეთილია კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. ვარძიის აღნაგობა დაფუძნებულია წინასწარ დამუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე: საცხოვრებელთა მრავალსართულიანი განლაგება კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის – ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო. ტაძარი ჰყოფს ანსამბლს ორ არათანაბარ – დასავლეთისა და აღმოსავლეთის ნაწილებად. არც ერთი სართული არ კვეთს მონასტრის ამ კომპოზიციურ ცენტრს.
მთავარი არქიტექტურული ელემენტი, რომელიც გამოჰყოფს და განასხვავებს ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან, არის გახსნილი თაღებით გაფორმებული კარაპანი – კარიბჭე კლდის სახლების წინ. კარიბჭეებს შორის გაჭრილი ღიადებითა და მოკლე გვირაბებით ხორციელდებოდა კავშირი სახლებს შორის ჰორიზონტალზე, სართულების გასწვრივ. სართულებს შორის ვერტიკალური კავშირისათვის კარიბჭეებში გაჭრილი იყო ერდო-ლუკი მასთან მიდგმული ხის კიბით. გარდა ამისა გამოიყენებოდა გრძელი ვერტიკალური გვირაბები, გამოსასვლელი ღიადებით ვარძიის ანსამბლის ყოველ სართულზე.
იყო შემთხვები, როდესაც სახლი გადიოდა ღია ტერასაზე, მაგრამ კარიბჭე მაინც ყოველი სახლის სავალდებულო ელემენტს შეადგენდა; იგი არა მხოლოდ სახლების ურთიერთ კავშირს ემსახურებოდა, არამედ წარმოადგენდა სამყოფს, სადაც ბერი ასრულებდა ყოველდღიურ საქმიანობას.
ვარძიაში არსებობდა ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი კლდის სახლები, მათ შორის ორსართულიანებიც. უმთავრესად გავრცელებულია ოროთახიანი სახლი განვითარებული კლდის სიღრმეში: კარიბჭე, მთავარი ოთახი და საკუჭნაო-საცივო.
საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი დანიშნულების მთავარი ოთახი კამაროვანი სამყოფია, გაწყობილი “ჩაშენებული”, ე.ი. კლდეში გამოკვეთილი “ავეჯით”. აქ არის ფართე ნიშები საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები ჭურჭლისათვის, წიგნებისათვის, ჭრაქებისათვის, მერხები და კერა. ნიშები უმეტესწილად თაღოვანია, მაგრამ ზოგჯერ არის ბრტყელი, მოუმრგვალებელი ჭერითაც. ნიშები შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით და იშვიათად სხვა დეტალებით. კარიბჭეში შესასვლელთან გაჭრილია სარკმლები. კედლების სიბრტყეები სუფთადაა დამუშავებული, მათი ფაქტურა უმთავრესად ხორკლიანია.
უკანა ოთახი კლდის სიღრმეში თითქმის სრულიად ბნელი და ცივი, გამოიყენებოდა სანოვაგის შესანახ საკუჭნაოდ ან მარნად. ჩვეულებრივ იგი მცირე მოცულობის სათავსოა ბრტყელი ჭერით და შედარებით უხეშად დამუშავებული სადა კედლის სიბრტყეებით.
სახლების ერთ ნაწილს გააჩნდა აგრეთვე ინდივიდუალური მინიატურული დარბაზული ეკლესია.
საცხოვრებელ სამყოფში კამარის არსებობა, უკანა კედლის დამუშავება თაღოვანი ნიშით და ამასთან კედლის კუთხეების შერბილება დამახასიათებელი ნიშნებია ვარძიის სახლებისათვის. კლდეში შენების პირობებში კამარის გამოყვანა საცხოვრებელ სამყოფში კონსტრუქციულად არც თუ სავალდებულოა. ვარძიის ინტერიერებში იგი დეკორატიულ-კონსტრუქციულ ფუნქციას ასრულებს, ანუ ხდება სამონასტრო არქიტექტურაში საერო საწყისის შეჭრა; კამაროვანი ინტერიერები დამახასიათებელია იმ ეპოქის ქვით აგებული სასახლეებისათვის, მაგალითად გეგუთსა და გუდარეხში.
ანსამბლის დასავლეთით, ცამეტსართულიან ნაწილში მეტად საინტერესოა IX სართულზე სატრაპეზო პურის საცხობით. IV სართულზე მოთავსებულია საყურადღებო კონსტრუქციის ლითონის დამამუშავებელი სახელოსნო. III – IV სართულებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მრავალოთახიანი სახლები ინდივიდუალური ეკლესიებით, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ორსართულიანი სახლი.
ანსამბლის აღმოსავლეთის რვასართულიან ნაწილში სრულიად ან ნაწილობრივ შერჩენილია სამოცდაცხრამეტი კლდის სახლი. აქ სათავსოთა საერთო რიცხვი ორასორმოცდაორს შეადგენს. ამ ნაწილში საინტერესოა ცამეტქვევრიანი მარანი და ეგრეთ წოდებული “სალხინო” - სადგომი ლხინისათვის. ანსამბლის მშვენებაა დამუშავებით გამორჩეული კლდის სახლები, ესენია: ეგრეთწოდებული “სადარბაზო” – მონასტრის საკრებულო ეკლესიით, თამარ მეფის ოთახი და მონაზონთა სენაკები. ამ სენაკებს შორის შემორჩა გასასვლელი – ურთიერთდამაკავშირებელი ამ საცხოვრებელი ოთახებისა. აქვეა მონასტრის მთავარი შესასვლელი – კლდეში გამოკვეთილი გრძელი, ციცაბო, ზევითკენ ამავალი გვირაბი ფართე კამარით და საფეხურებით.
ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, იგი მონასტრის იდეოლოგიური და ამავე დროს კომპოზიციური ცენტრია. ეკლესიის კამარა, საკურთხეველი და იატაკი გამოკვეთილია კლდეში, ხოლო სამხრეთის, ჩრდილოეთის და ნაწილობრივ დასავლეთის კედლები ამოყვანილია ქვიტკირით.
კლდის სიღრმეში, ტაძრის მახლობლად, მოწყობილია აუზი წყაროს წყლისათვის, რომელიც ნაკურთხ წყლად ითვლებოდა. ეკლესიის გვერდით კლდეში გამოკვეთილია სამარხები. ჩრდილოეთით აგებულია აგურის აკლდამა, ფასადზე შემორჩენილი მოჭიქული შორენკეცების ნაშთებით. კლდის სირღმეში გამართულია ფარული გვირაბები და სახიზარი ქვაბები.
ტაძარი მოხატულია უნიკალური ფრესკებით. შედარებით მომცრო დარბაზში (8,2X14,5 მ., სიმაღლით 9,2) ორ-სამ რეგისტრადაა განლაგებული ჩვიდმეტი კომპოზიცია, აქედან თოთხმეტი მიძღვნილია ქრისტეს ცხოვრების სცენაა, დანარჩენი სამი კომპოზიცია დათმობილი აქვს ქტიტორებსა და ღვთისმშობელს.
ტაძრის მაშენებელმა, ერისთავთ-ერისთავმა რატი სურამელმა ტაძრის მოსახატად ნიჭიერი მხატვარი გიორგი მოიწვია, ფერმწერთა ჯგუფით. გიორგის სახელი მიმალულია საკურთხევლის კონქის მხატვრობაში, ღვთისმშობლის გამოსახულების ქვემოთ.
ტაძრის კედლების გაყოლებით მეტრნახევრიანი პანელია, შემკული ფართო ორნამენტული ზოლით. ორნამენტით შევსებულია თაღების მთელი თავისუფალი სივრცეები და პილასტრების წახნაგები. მცენარეული ორნამენტის ფართო ზოლით შუაზე გაყოფილ კამარაზე მოთავსებულია ოთხი კომპოზიცია. მოხატულობა კედლებზე ორ რეგისტრად არის წარმოდგენილი. ფრესკებია კედლის თაღებს ზემოთ და თაღებში. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე წარმოდგენილია შვიდი კომპოზიცია, დასავლეთის კედელზე – ხუთი.
ქრისტეს ცხოვრების სცენები სახარების მიხედვით ისტორიული თანმიმდევრობითაა განთავსებული.ჩრდილოეთი კედელი ქტიტორებს ეთმობა. აღმოსავლეთ ნიშში მთელი სიმაღლით თამარ მეფე და მეფე გიორგი III არიან წარმოდგენილნი, შესატყვისი წარწერებით: “ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე შვილი გიორგისა თამარ, რომელი მრავალჟამეულობსმცა” და “ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე გიორგი, ძე დემეტრე მეფეთა მეფისაი”.
ჩრდილოეთის კედლის დასავლეთის ნიშში მოთავსებულია ერისთავის რატი სურამელის პორტრეტი.
ქტიტორთა პორტრეტები მოცემულია სამ მეოთხედში,თითქოს მათი ფიგურები ვედრების პოზით ნელა მიიწევენ საკურთხევლის მიმართულებით.
საკურთხევლის კონქში, ცენტრში, ვარსკვლავებით მოჭედილი ლურჯი ცის არეზე წარმოდგენილია დიდი კომპოზიცია ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელსაც მარცხენა მუხლზე ყრმა უზის, მის აქეთ-იქით მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელია.
ეკლესიის მხატვრობა 1184-1186 წლებს შორის თარიღდება (გიორგი III გარდაცვალების და თამარის ქორწინებას შორის).
ანანაურის კომპლექსი-ანანაურს ფართე ტერიტორია უკავია; გამოქვაბული კომპლექსის გარდა, მასში შედის ყოფილი ბაღებისა და ვენახების ჩამოწოლილი ტერასები და ეს ტერიტორია ვრცელდება სარწყავი არხის ნანგრევებამდე. აქ ყურადღებას იპყრობს საერო კლდის სახლები – მათ შორის რთული ორსართულიანი სახლი ბოსლით, კლდის ლოდში კამოკვეთილი საწნახელი და წყალსაცავი. ზემო ტერასაზე მდებარეობს ანანაურის კლდეში გამოკვეთილი ეკლესია შექმნილი არა უგვიანეს X საუკუნისა, მცირე სახიზარი – ქვაბით. ეკლესია დარბაზული ტიპისააა, მისი შინაგანი ზომები საკურთხევლის ჩათვლით 2,2X4,5 მ. კედლები და კამარა მთლიანად მოხატულია(მოხატულობა სავარაუდოდ XVს-ეს განეკუთვნება)- საკურთხევლის კონქში გამოსახულია “ღვთისმშობელი ყრმით” ქვემოთ ცენტრში – “დატირება”, გვერდებზე ქრისტესაკენ დახრილი ორ-ორი მღვდელმთავარი , ერთ მხარეს- ნიკოლოზი და იოანე ღვთისმეტყველი, მეორე მხარეს კი ბასილი და გრიგოლ ღვთისმეტყველი, მცირე ნიშში ელენეს მიერ ჯვრის ნახვის სიმბოლური გამოსახულებაა კამარა, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ცენტრში გაყოფილია ორნამენტის ზოლით. ჩრდილოეთის მხარეს ნიშში წარმოდგენილია “დეისუსი”, ნიშის თაღზე – “ხარება”, “ქრისტეს შობა”, “მირქმა”, კამარის ჩრდილოეთის მხარეზეა – “ჯვარცმა”, “აღდგომა”, “ამაღლება”, ქვემოთ – “ფერისცვალება”, სამხრეთის მხარეზე – “იერუსალიმში შესვლა”, “ლაზარეს აღდგინება”, ქვემოთ- “ნათლისღება”, “სულიწმინდის მოფენა”, დასავლეთის კედელზე კარის თავზე “ღვთისმშობლის მიძინება”, შესასვლელის მარცხნივ – მთავარანგელოზი მიქაელ-მახვილით, მარჯვნივ – მთავარანგელოზი Gგაბრიელი– გრაგნილით.
ეკლესიის კარიბჭე არ შენახულა; მის დასავლეთ კედლებთან არის მხოლოდ ეკლესიის წინ მდებარე სათავსო. ეკლესიის წინ სათავსოზე ყველა წარწერა ქართულია, თვით ეკლესიაზე კი წარწერები ბერძნულ ენაზეა შესრულებული. საკურთხევლის კედლის გარშემო კლდეში გამოკვეთილია “მერხი” , რომელიც გრძელდება ეკლესიის კედლების გასწვრივაც. საკურთხეველში, აღმოსავლეთის კედელთან კამოკვეთილია ტრაპეზი, მის გვერდით კი მცირე ნიში. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში დიდი თაღოვანი ნიშია, მასში ამოჭრილი კლდის კუბო – სამარხით, სამხრეთის კედელში ორი ვიწრო მცირე სარკმელია. შესასვლელი კი დასავლეთის კედელშია გაჭრილი.
ვარძიის მონასტრის სამრეკლოს მახლობლად ყურადღებას იპყრობს მარტივი საერო კლდის სახლი ბოსლით, ოდნავ ქვემოთ კი გამოქვაბულთა დიდი კომპლექსი. ანანაურის გასწვრივ ციცაბო კლდეს გასდევს მასში გამოკვეთილი გვირაბის ნანგრევები – ნაშთი მონასტრის წყალსადენისა წამოყვანილი ზედა ვარძიიდან სამნახევარი კილომეტრის მანძილზე, მის ქვემოთ მდებარეობს გვირაბული სარწყავი წყლის არხი, მონასტრის ტერასული მეურნეობის საჭიროებისათვის.
ვარძიაში სამრეკლოს მახლობლად, ზემო ტერასაზე მდებარეობს ამ ანსამბლისათვის ტიპიური რთული სამონასტრო ქვაბული დარბაზული ეკლესიით, რომელსაც “ლიტანიის ეკლესია” ეწოდება. ამ ეკლესიის შესავლელის ტიმპანზე შერჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამრეკლოს უკან , კლდეში ამოკვეთილი საფეხურები ადის მთის მწვერვალზე, სადაც შერჩენილია სასაფლაო – სამაროვანის კვალი.
7. ძეგლის სტატუსი:
8. გამოყენებული მასალები
ვარძია. გ. გაფრინდაშვილი. გამომცემლობა “ავრორა”, პეტერბურგი, 1975 წ.
9. მარშრუტი
10. დამატებითი ინფორმაცია
თქმულებები ვარძიაზე:
“მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!”, და დაერქვა ამ ადგილს ვარძია”.
“მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყეს და დაღლილები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი ადგილზე აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა. საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს. მესამე დილით იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან გადატანილი აღმოჩნდა. ახლა კი მიუხვდნენ განგებას. ამიტომ ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს, ხოლო ძველ მიტოვებულ ადგილს ამ ხნიდან ნავარძიევი ეწოდება.”
“მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.”
ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.
.