ეს მარშრუტი საექსკურსიოა, არის ბევრი ინფორმაციის მომცვლელი, ძალიან ლამაზი ადგილებია და შესაძლებელია ასევე თევზაობის შეთავსებაც.
ხანგრძლივობა: ერთ დღიანი
სატრანსპორტო მანძილის სიგრძე: დაახლოებით 150 კმ (ბოლნისის სიონის გარდა)
საფეხმავლო მანძილის სიგრძე: 6 კმ
ამ მარშრუტზე შესაძლებელი გექნებათ მოინახულოთ შემდეგი ისტორიული ძეგლები: სამშვილდის ციხე-ქალაქი, მუგუთის ერთ-ერთი მღვიმე, ბოლნისის სიონი და წუღრუღAშენის ეკლესია.
სამშვილდის ციხე-ქალაქი მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს სამხრეთით 5 კილომეტრში მდებარე სოფელ სამშვილდეს ახლოს, ეგრეთ წოდებულ “სამშვილდის კონცხზე”. ეს კონცხი მდინარე ჭივჭავასა და ხრამს შორისაა მოთავსებული.
მუგუთის ერთ-ერთი მღვიმე მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრი წყაროს სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე სოფელ დაღეთიდან 4 კილომეტრში, მდინარე ხრამის ხეობის მარცხენა სანაპიროზე.
ბოლნისის სიონი მდებარეობს ქვემო ქართლში, ქალაქ ბოლნისის სამხრეთით, სოფელ ქვემო ბოლნისში.
წუღრუღაშენის ტაძარი მდებარეობს, ქალაქ ბოლნისის სამხრეთით, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე.
მარშრუტი
ამ მარშრუტზე ყველანაირი სახის დაქირავებული ტრანსპორტით შეიძლება წასვლა გარდა ავტობუსისა. სასურველია მოერიდოთ ზაფხულში წასვლას და განსაკუთრებით მაისში, როცა გველების გამრავლების პერიოდია.
სამარშრუტო ტაქსი თბილისიდან თეთრი წყაროში ჩასვლას უნდება დაახლოებით საათნახევარი. სოფელი სამშვილდე მის სამხრეთით მდებარეობს და გრუნტის გზაზე მოგიწევთ მოძრაობა. სამწუხაროდ ციხე-ქალაქამდე ვერც ერთი სამარშრუტო ტაქსი ვერ მიდის ბოლომდე. ჩამოსვლა მოგიწევთ არ მისული მდინარე ჭივჭავას ხეობამდე.
ხიდზე გადასვლის შემდეგ, უნდა აუყვეთ აღმართს და სადღაც ნახევარი კილეომეტრის გავლის შემდეგ, მარცხენა მხარეს შეამჩნევთ ორკარებიან ჭიშკარს, რომელიც შეიძლება ან დაკეტილი იყოს (მავთულით, რათა საქონელი არ შევიდეს) ან სულაც ღია. როგორც კი შეხვალთ, ეგრევე მიხვდებით რომ შეადგით ფეხი უძველესი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, რომლის სიგრძე ერთ კილომეტრზე მეტია. ამ ქუჩას, მარცხნიდან და მარჯვნიდან უერთდება სხვა პატარ-პატარა ქუჩები, თუმცა ძირითადი სანახაობა ამ ქუჩის სიახლოვეშია. ესენია: ჯერ ორი პატარა ეკლესია, შემდეგ ციხე კოშკი და ბოლოს სამშვილდის სიონის ნანგრევები.
ხედი ამ კონცხიდან არის ულამაზესი და უიშვიათესი საქართველოს ბუნებისთვის დამახასიათებელი. სხვათაშორის სიონის ეკლესიის ნანგრევებიდან სამხრეთ მიმართულებით, 40 მეტრში, მდებარეობს გამოქვაბულები, რომლებიც ბრინჯაოს ხანაში მცხოვრები ადამიანების გამოთხრილია, სადაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას.
შემდეგი სანახაობა არის მუგუთის ერთ-ერთი მღვიმე, რომელშიც გამოკვეთილია მალული პატარა ეკლესია. ტრანსპორტით ჯერ გადახვალთ სოფელ დაღეთში, იქ კი, უკვე ადგილობრივი მოსახლეობას რომ ჰკითხოთ მდინარე ხრამზე ბოლნისის გადასასვლელი ხიდის გზა, ყველა მიგასწავლით. არის ერთი მომენტი, ხეობაში ჩასვლისას, გამოჩნდება ისევ ის კანიონი რომელიც სამშვილდის ციხე-ქალაქიდან ჩანდა და აგრეთვე დაინახავთ თვით სამშვილდის კონცხს. არანაკლებ ლამაზი და ეფექტური იქნება მისი დანახვა ამ მხრიდანაც! გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს სანახაობა.
მდინარე ხრამის გადასასვლელ ხიდს რომ მიუახლოვდებით, ხიდზე არ უნდა გადახვიდეთ, არამედ უნდა გაუხვიოთ მარცხნივ. გზა არ არის კარგი და ტრანსპორტი სადამდე მივა ეგ უკვე თქვენზე, ან მძღოლზეა დამოკიდებული. თუმცა ზოგი ტრანსპორტი დანიშნულ ადგილამდე ბოლომდე მიდის, ზოგი - ნახევრამდე. ფაქტია ხიდიდან სამიოდე კილემეტრია გასავლელი ეგრეთ წოდებული “ზაქარიჩის წყარომდე”. ეს არის სასიამოვნო ადგილი, სადაც დგას მაგიდა და სკამები რომლებიც ზემოდან გადახურულია, იქვეა წყარო და ახლოშივე მოედინება მდინარე ხრამი. შეიძლება თევზაობაც.
თუ ტრანსპორტმა ვერ მიგიყვანათ ბოლომდე, მაშინ ფეხით უნდა გაუყვეთ სამანქანო გზას და პატარა ღელეს გადაკვეთის შემდეგ, მალევე მიადგებით წყაროს. გზაში შეიძლება თათარი მწყემსები შეგხვდეთ, რომლებიც ადვილად მიგასწავლიან “ზაქარიჩის წყარომდე” გზას. ფეხით სასიარულო ნამდვილად არაა ძნელი, არ არის აღმართები და ძნელად გაუვალი ადგილები. პირიქით, სასიამოვნოა მდინარეს გასწრივ სიარული. გარშემო კლდეში ბრინჯაოს ხანაში გამოკვეთილ გამოქვაბულებსაც შეამჩნევთ.
“ზაქარიჩის წყაროდან” მღვიმე ძალიან ახლოა, მაგრამ რთულად მისაგნები. შევეცდები ავღწერო თუ როგორ იპოვოთ იგი. წყაროდან გაუყევით გზას მდინარის დინების მიმართულებით და როგორც კი გადაკვეთავთ მილს, ბილიკს მაღლა უნდა აუყვეთ, რომელიც არც ისე კარგად ჩანს და ადვილად ჩამოშლადია რაც უფრო ზემოთ ადიხართ. შემდეგ ბილიკი კლდის ფერდს მიუყვება, (მაღლა აღარ ადის) და სადღაც მილიდან 25-იოდე მეტრში წააწყდებით პატარა ხვრელს, (მის პირდაპირ ლეღვის ხეებია წამოზრდილი). სწორედ ეს არის მღვიმის შესასვლელი.
თუმცა, უმჯობესია ვინმე გაიყოლოთ ვინც ნამყოფია ამ ადგილას.
მსუქანი ადამიანი ამ შესასვლელში ვერ შეეტევა. შესვლა მხოლოდ ჰორიზონტალური მდგომარეობითაა შესაძლებელი. იქონიეთ ფანრები, საწვიმარი და თავზე რამე დაიხურეთ, რადგან მღვიმეში ღამურებია და აგრეთვე, ბევრი წყალი ჩამოდის ჭერიდან, ფაქტიურად გამოქვაბულში წვიმს. როგორც კი ხვრელში შეძვრებით, აღმოჩნდებით პატარა ოთახში. აქ, უკვე წელში გამართვა თავისუფლად შეიძლება. სულ პირდაპირ, მეორე ოთახის შესასვლელი დაგხვდებათ, თუმცა იქ მოსახვედრად ცოტა დახრა მოგიწევთ. სწორედ ამ ოთახშია კედელზე გამოკვეთილი პატარა საკურთხეველი. შემდეგ ოთახში სენაკებია, მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან აქ ბევრი ღამურა შეიძლება დაგხვდეთ და ნუ დააფრთხობთ მათ.
ექსკურსიის ბოლო სანახაობა, ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენის ტაძარია. მდინარე ხრამზე გადებულ ხიდის გადასვლის და ორ კილომეტრიანი აღამრთის ავლის შემდეგ, გვერდს ჩაუვლით აჭარლების სოფელს დისველს, გაივლით ყანებს და სულ მალე ჩახვალთ ბოლნისში. ქალაქ ბოლნისიდან სოფელი ბოლნისი მდებარეობს ??? კილომეტრში, სადაც სიონის ტაძარი მთავარი გზის პირას დგას. გადაღმა მხარეს კი - ადვილად შეამჩნევთ წუღრუღაშენის ტაძარს. თქვენზეა დამოკიდებული თუ რომელ ძეგლს მოინახულებთ პირველ რიგში. ორივე ეკლესია მოქმედია, ხოლო წუღრუღაშენის ტაძარში კი - მიმდინარეობს რესტავრაცია.
ამ ადგილიდან, თბილისში ჩასვლას მაქსიმუმ საათნახევარი დასჭირდეს.